სასარგებლო რჩევები

რა შემთხვევაში გვჭირდება 24-საათიანი ეკგ მონიტორინგი (ჰოლტერი)

21 სექტემბერი, 2018

უკანასკნელ წლებში კლინიკურ პრაქტიკაში დიდი გამოყენება ჰპოვა ეკგ-ს ხანგრძლივმა მონიტორინგმა ჰოლტერის წესით (24 საათიანი ეკგ მონიტორინგი). მეთოდის უპირატესობად მიჩნეულია ის, რომ შესაძლებელია ავადმყოფისათვის ჩვეულ პირობებში ეკგ-ს ხანგრძლივი რეგისტრაცია.

ჰოლტერის წესით ეკგ-ს ხანგრძლივი მონიტორინგის მოწყობილობა შედგება: განხრების სისტემებისაგან, სპეციალური მინიატურული მოწყობილობისაგან, რომელიც ახდენს ეკგ-ს რეგისტრაციას მაგნიტურ ლენტზე და სტაციონარული ელექტროკარდიოანალიზატორისგან(სპეციალური პროგრამით აღჭურვილი კომპიუტერი).

ავადმყოფის სხეულზე მაგრდება ეკგ-ს ჩამწერი მოწყობილობა და ელექტროდები. ძირითადად, იყენებენ 5-დან 10-მდე ელექტროდს, რომლებიც მაგრდება გულმკერდის წინა ნაწილზე. ეკგ-ს ჩაწერა ხდება მაგნიტურ ლენტზე ძალიან მცირე სიჩქარით. გამოკვლევის ჩატარების მსვლელობაში ავადმყოფი აწარმოებს დღიურს, რომელშიც შეაქვს მონაცემები მის მიერ შესრულებული სხვადასხვა დატვირთვისა და უსიამოვნო სუბიექტური შეგრძნებების შესახებ(ტკივილი ან დისკომფორტი გულის არეში, ქოშინი, გულის ფრიალი, გულის ამოვარდნის შეგრძნება და სხვა). ავადმყოფი ასრულებს მისთვის ჩვეულ ყველა საქმიანობას და ცხოვრობს ჩვეული რეჟიმით. გამოკვლევის დამთავრების შემდეგ ჩანაწერის გაშიფვრა ხდება  ელექტროკარდიოანალიზატორით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს გულის რითმისა და პარკუჭოვანი კომპლექსის, კერძოდ RS-T სეგმენტის ცვლილებების ანალიზს. ამავდროულად, ხდება სადღეღამისო ეკგ-ების ეპიზოდების ავტომატური ამობეჭდვა. ჰოლტერის წესით ეკგ-ს ხანგრძლივი მონიტორიონგის თანამედროვე სისტემებში გათვალისწინებულია მონაცემების კომპაქტურად, შემჭიდროვებული სახით წარმოდგენის შესაძლებლობა, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ თვალსაჩინო წარმოდგენა გულის რითმის დარღვევებისა და RS_T სეგმენტის (რომელიც ასახავს იშემიას) ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების ეპიზოდების შესახებ.

შედეგების ინტერპრეტაციის სიზუსტე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სისტემა არის გამოყენებული, თუმცა კომპიუტერების უმრავლესობა აკმაყოფილებს მოთხოვნებს. სისტემა ახდენს ექტოპიური აქტივობის, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (არითმიის ერთ-ერთი სახე) დეტექციას (აღქმას). ექიმი იღებს შესაბამის ინფორმაციას, რომელიც სჭირდება. პაციენტების 25%-50% აღნიშნავს ჩივილებს 24 საათიანი მონიტორინგის დროს, რომელიც 2-15%-ში არის არითმიით გამოწვეული. ამ ტექნიკის უპირატესობა არის მის უნარში მოახდინოს ეკგ-ზე არსებული დარღვევების კორელაცია პაციენტის სიმპტომებთან.

ეკგ-ს ხანგრძლივი მონიტორირება ავლენს პოტენციურად მნიშვნელოვან არითმიებს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის სხვადასხვა დაავადება: არტერიული ჰიპერტენზია და მასთან დაკავშირებული მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია (გულის კუნთის მასის გაზრდა), იშემიური, დილტულიური და ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, მიტრალური პროლაფსი, გულის წასვლა ან გარდამავალი ცერებროვასკულარული სინდრომები, გამტარებლობის დარღვევა, სინუსის კვანძის დისფუნქცია, ბრადიტაქიკარდიის სინდრომი, WPW სინდრომი, QT ინტერვალის გახანგრძლივება, პეისმეიკერის ( გულის რითმის ხელოვნური წამყვანი) დისფუნქცია.

აღნშნული მეთოდით შესაძლოა სხვადასხვა სახის არითმიის გამოვლენა, მათი დროული შეფასება და მკურნალობა სიმპტომების მოხსნისა და გართულებების პრევენციის მიზნით.

მაგ. ნაჩვენები იქნა, რომ ასიმპტომური წინაგულების ფიბრილაცია (მოცომციმე არითმია) უფრო ხშირად აღმოცენდება, ვიდრე მისი სიმპტომური ეპიზოდები. ეს კი მნიშვნელოვანია იმის გადასაწყვეტად, ესაჭიროება თუ არა პაციენტს ანტიკოაგულაციური თერაპია. ხშირი ჰოლტერ-მონიტორინგის საშუალებით ასევე შესაძლებელია გამოვავლინოთ წინაგულოვანი ექსტრასისტოლები (არიითმიის ერთ-ერთი სახე) რომელიც ახდენს მოციმციმე არითმიის ტრიგერირებას, რაც საშუალებას მოგვცემს, გადავწყვიტოთ კათეტერული აბლაციის საჭიროება. ზოგიერთ მონოტორულ სისტემას აქვს უნარი, მოახდინოს 12-განხრიანი სრული ეკგ-ს რეკონსტრუქცია 7 ელექტროდის მქონე სისტემიდან. ეს განსაკუთრებით საჭიროა, როცა ვახდენთ პარკუჭოვანი ტაქიარითმიის ელექტროკარდიოგრაფიული მორფოლოგიის დოკუმენტირება აბლაციის პროცედურის წინ ან წინაგულოვანი ექსტრასისტოლების მორფოლოგის დადგენა, რომლებიც ახდენს ატრიალური ტაქიკარდიისა და მოცომციმე არითმიის ტრიგერირებას და ამ გზით დავადგინოთ აბლაციის უბანი.

ჰოლტერ-მონიტორინგის სისტემების უმრავლესობა შეუძლია პეისმეიკერის ( რითმის ხელოვნური წამყვანის) სტიმულის დეტექცია, ამიტომ გამოიყენება პეისმეიკერის ფუნქციის შესაფასებლად. გარდა არითმიების გამოვლენისა, ე.კ.გ-ს ხანგრძლივი მონიტორინგი იძლევა იშემიის ეპიზოდების გამოვლენის შესაძლებლობას.

გულის იშემიური დაავადების მქონე პირთა უმრავლესობაში შესაძლებელია აღნიშნული მეთოდით მივიღოთ გულის კუნთის გარდამავალი იშემიის დამატებითი ობიექტური მტკიცებანი ( RS_T სეგმენტის დეპრესია და/ან ელევაცია), რასაც ხშირად თან ახლავს გულის შეკუმშვათა სიხშირისა და არტერიული წნევის ცვლილება.

ჰოლტერის წესით ეკგ-ს 24 საათიანი მონიტორინგი არის გამოკვლევის შეუცვლელი მეთოდი ე.წ. მიოკარდიუმის ( გულის კუნთის) უსიმპტომო იშემიის ეპიზოდების გამოვლენისთვის, რომელიც აღმოცენდება გულის იშემიური დაავადებების დროს და თან არ ახლავს სტენოკარდიული შეტევები.

ეკგ-ს ხანგრძლივ რეგისტრაციას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ე.წ ვარიანტული სტენოკარდიის დიაგნოსტიკაში., რომელსაც საფუძვლად უდევს  კორონარული არტერიების სპაზმი  და ტონუსის ხანმოკლე მომატება. კორონარული სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა ან მკვეთრი შემცირება იწვევს მიოკარდიუმის ღრმა, ხშირად ტრანსმურალურ იშემიას, გულის კუნთის კუმშვადობის დაქვეითებას, მიოკარდიუმის ასინერგიულ ( არათანაბარ) შეკუმშვას და მნიშვნელოვან ელექტრულ არამდგრადობას, რაც რითმისა და გამტარებლობის დარღვევის სახით ვლინდება.

პრინცმეტალის ვარიანტული სტენოკარდიის შეტევების დროს, ეკგ-ზე ცვლილებები, ისევე როგროც შეტევები, ვითარდება მოსვენებულ მდგომარეობაში, ხშირად ღამით  და მას თნ არ ახლავს გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა წუთში 5 დარტყმაზე მეტად. ეს პრინციპულად განასხვავებს ვაზოსპაზმურ სტენოკარდიას დაძაბვის სტენოკარდიისაგან, რომელიც განპირობებულია გულის კუნთის გაძლიერებული მოთხოვნით ჟანგბადზე.

უნდა აღინიშნოს ჰოლტერის წესით ეკგ-ს მონიტორინგის გამოყენების კიდევ ერთი სფერო, რომლის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას გულის იშემიური დაავადებების დროს მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად. ამ დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ გულის კუნთის იშემიის რეგისტრირებული ეპიზოდების რაოდენობა და საერთო ხანგრძლივობა, რითმის და გამტარებლობის დარღვევის რაოდენობა, რომელიც ვითარდება დღე-ღამის განმავლობაში, ასევე გულის შეკუმშვათა სიხშირის დღიური მერყეობა და სხვა ნიშნები.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მიოკარდიუმის იშემიის უსიმპტომო პაროქსიზმებს ( შეტევებს) , ვინაიდან ცნობილია, რომ ზოგიერთ ავადმყოფს, რომლებსაც ჩაუტარდათ მკურნალობის კურსი, აღენიშნება სტენოკარდიული შეტევების შემცირება ან გაქრობაც კი, თუმცა გულის კუნთის უმტკივნეულო იშემიის ნიშნები შენარჩუნებულია.

ჰოლტერის მონიტორინგით განმეორებითი გამოკვლევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მიზანშეწონილია ბეტა-ადრენობლოკატორების ( მოქმედებენ გულის შეკუმშვათა სიხშირეზე და გამტარებლობაზე) დანიშვნისა და დოზის შერჩევის დროს, რადგან ამ პრეპარატზე ინდივიდუალური რეაქციის განსაზღვრა შუძლებელია და მისი გამოვლენა კვლევის ტრადიციული კლინიკური და ელექტროკარდიოგრაფიული მეთოდით ყოველთვის არ არის ადვილი.

პაციენტთა ნაწილში ჰოლტერ-მონიტორინგი ყოველთვის ვერ ახდენს არითმიის მიზეზის გამოვლენას და საჭირო ხდება უფრო ხანგრძლივი მონიტორირება, რაც შეიძლება მოვახდინოთ შემთხვევის ჩამწერის საშუალებით. ეს მოწყობილობები არის პეიჯერის ზომის და პაციენტი მას ატარებს 30 დღის განმავლობაში.

შემთხვევის ჩამწერი ეფექტურია იშვიათი შემთხვევების გამოვლენის მიზნით, რომლის რეგისტრირება 24 საათიანი ეკგ მონიტორინგით ვერ ხერხდება, თუმცა მეთოდის ნაკლია ის, რომ ჩაიწერება მხოლოდ ერთი არხი.

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი და გარდამავალი სიმპტომები, დიაგნოსტიკურ ინფორმაციას არ მოგვცემს არც ჰოლტერ-მონიტორინგი და არც შემთხვევის ჩამწერი. ამ დროს იყენებენ მარყუჟოვან ჩამწერს. იგი ჩაინერგება კანქვეშ, მეორე ნეკნის დონეზე, გულმკერდის მარცხენა ნახევარში და აქტიურდება სპეციალური მაგნიტის საშუალებით. მას შეუძლია ჩაწეროს ეკგ 42 წუთზე მეტი დროის განმავლობაში ერთი არხის მეშვეობით.

აღნიშნული მეთოდები, შემთხვევის ჩამწერი და მარყუჟოვანი ჩამწერი შედარებით იშვიათად გამოიყენება. რაც შეეხება ეკგ-ს ხანგრძლივ მონიტორინგს ჰოლტერის მეთოდით, იგი საკმაოდ ინფორმატიულია მთელი რიგირ არითმიების, ასევე გულის კუნთის იშემიის გამოსავლენად. ამავდროულად მეთოდი საკმაოდ ხელმისაწვდომია მოსახლეობის თითქმის ყველა სოციალური ფენისათვის.

 

რას წერენ ჩვენი პაციენტები ჩვენზე

მენჯ–ბარძაყის წარმატებული ოპერაციისთვის უღრმეს მადლობას ვუხადი ტრავმატოლოგ ზურაბ ბერიანიძეს, ლევან გოჩიაშვილს და ანესთეზიოლოგ მამუკა ხაჩიაშვილს. დიდი ...
I would like to thank Dr.Lekso Tigilauri for his professionalism and excellent job.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმის გამო, რომ წუხელ მთელი ღამე არ გეძინათ და ხანდაზმულ პაციენტს მკურნალობდით.. გისურვებთ ზურგის ქარს , წარმატებებს და დამსა ...